logo
ENG



"შემაშფოთებელია" - IPI მოუწოდებს პარლამენტის დეპუტატებს, გააუქმონ რუსული კანონპროექტი

22 თებ 202301:04
3 წუთის საკითხავი
 
"შემაშფოთებელია" - IPI მოუწოდებს პარლამენტის დეპუტატებს, გააუქმონ რუსული კანონპროექტი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს, გააუქმონ დარეგისტრირებული რუსული კანონპროექტი, რომლის შინაარსსაც ქართული ოცნება მხარს უჭერს.

IPI მიიჩნევს, რომ მიუხედავად ავტორების მტკიცებისა, რომ კანონპროექტი "ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე" დაფუძნდება, ეს ზომები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის იარაღად გამოიყენება.

"IPI ღრმად შეშფოთებულია, რომ ქართველი კანონმდებლები განიხილავენ რუსეთის ავტორიტარული სათამაშო წიგნიდან გვერდის ამოღებას ე.წ. უცხოური აგენტების კანონმდებლობის შემოღებით.

პუტინის კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ იყო კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი რუსეთში პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად, სხვა უფლებებთან ერთად.

ასეთ კანონმდებლობას აბსოლუტურად არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და რომელიც იცავს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს", - აცხადებენ IPI-ში.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რუსული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქართულ საზოგადოებას და საქართველოს უსაფრთხოებას.

"ჩვენ ვშიშობთ, რომ ეს კანონი შეიძლება გამოიყენონ კრიტიკული მედიის დისკრედიტაციისთვის, მათი უცხო გავლენის აგენტებად და შესაბამისად, საფრთხეს ქართული საზოგადოებისა და უსაფრთხოებისთვის. ეს ასევე მისცემს სახელმწიფოს მძლავრ ინსტრუმენტს განსხვავებული ხმების, მათ შორის ჟურნალისტების დასაშინებლად. საბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის ქართულ საზოგადოებას ახალი ამბებისა და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების უფლების ჩამორთმევას", - აცხადებენ IPI-ში.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.

ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტში დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება.

სავარაუდოდ, ეს საკითხი მიმდინარე კვირაში სესიაზე განხილვისთვის არ გავა. საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებას აპირებს.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას

 

 


close დახურვა